აკრედიტაციის წესები

აკრედიტაციის სისტემა

აღმასრულებელი საბჭო იყენებს აკრედიტაციის შერეულ სისტემას, რაც გულისხმობს, როგორც საგანმანათლებლო ღონისძიებების, ისე ორგანიზაციებისა და  საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური აკრედიტაციას.

აღმასრულებელი საბჭო იკრიბება მინიმუმ თვეში ერთხელ, განიხილავს საგანმანათლებლო ღონისძიებების აკრედიტაციისთვის შემოსულ განცხადებებს და იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის მინიჭების ან უარის თქმის შესახებ.

ყველა ორგანიზაცია, რომელსაც წინასწარ არა აქვს მოპოვებული საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაცია და აქვს სურვილი, რომ ეს ღონისძიება განიხილებოდეს განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში, ვალდებულია აღმასრულებელ საბჭოში წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მიღების შესახებ, ღონისძიების დაწყებამდე 30 დღით ადრე. აღმასრულებელი საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

აღმასრულებელ საბჭოს უფლება აქვს კალენდარული წლის დასაწყისში განსაზღვროს წლის პრიორიტეტული მიმართულებები, საკითხის აქტუალურობის და პროფესიაში სიახლის დანერგვის მიზნით და ამ კონკრეტულ კალენდარულ წელს, არ გასცეს აკრედიტაცია შერჩეული პრიორიტეტული საგნის სწავლებაზე,  განგრძობადი იურიდიული განათლების პროვაიდერ ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაზე.  აღმასრულებელი საბჭოს მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული წესი ასევე გავრცელდება ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციონალური აკრედიტაციის მქონე ინსტიტუციებზე.

აკრედიტაციის ფორმები

საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაცია

აღმასრულებელი საბჭო აკრედიტაციას ანიჭებს საგანმანათლებლო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, კონკრეტულ საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც შემუშავებულია ორგანიზაციის, საგანმანათლებლო დაწესებულების ან კომპანიის (მათ შორის იურიდიული ფირმა) მიერ განგრძობადი იურდიული განათლების სისტემის ფარგლებში და აკმაყოფილებს აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილ სწავლების სტანდარტებს. საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ დაგეგმილ ღონისძიებებზე (ამოქმედდება 2014 წლის 1 იანვრიდან).

ინსტიტუციური აკრედიტაცია

ინსტიტუციური აკრედიტაცია გულისხმობს აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ საგანმანათლებლო ღონისძიებების გამარტივებულ აკრედიტაციას.
ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად საჭიროა წინასწარ დაგეგმილი 5 საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაციის მოპოვება.

აღმასრულებელი საბჭო, საგანმანათლებლო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, განიხილავს განაცხადს, ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭების შესახებ, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციას/საგანმანათლებლო დაწესებულებას, დადგენილი სწავლების სტანდარტების გათვალისწინებით, აქვს შესაძლებლობა ორგანიზება გაუწიოს, მიმდინარე წლის განმავლობაში საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მინიმუმ 50 ადვოკატისთვის.

ინსტიტუციური აკრედიტაციის მინიჭება ხდება 3 წლის ვადით. ყოველი მომდევნო ინსტიტუციური აკრედიტაციის მიღებისათვის საჭიროა განაცხადის ხელახლა წარდგენა. ინსტიტუციური აკრედიტაციის გაუქმება არ იწვევს უკვე ჩატარებული საგანამანათლებლო ღონისძიებების აკრედიტაციის გაუქმებას.

აკრედიტაციის მიღებისთვის საჭირო საბუთები

საგანმანათლებლო საბჭოში წარმოდგენილი განაცხადი საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაციისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის შესახებ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა განისაზღვროს საგანმანათლებლო ღონისძიების თემა, რომელიც მოიცავს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს;
  • ღონისძიების ორგანიზების მიზანი;
  • სასწავლო პროგრამა;
  • დღის წესრიგი;
  • მონაწილეთა რაოდენობა;
  • მონაწილეთა დასწრების აღრიცხვის მეთოდი;
  • სასწავლო მასალის ჩამონათვალი;
  • განხორციელების ვადები;ადგილმდებარეობა;
  • საგანმანათლებლო ღონისძიების სპიკერის/ტრენერის CV და სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

განაცხადი ივსება ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს სახელზე. საგანმანათლებლო საბჭო იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ან ტრენერთან გასაუბრება.

მოწვევის შემთხვევაში, მოდულის ავტორს ევალება საგანმანათლებლო საბჭოს სხდომაზე მოახდინოს საკუთარი თავის პრეზენტაცია.
საგანმანათლებლო საბჭოს ჩანიშვნის თაობაზე ტრენერის ინფორმირებას ახდენს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.

 

სავალდებულო მოთხოვნები აკრედიტაციის მიღების შემდეგ

აკრედიტებული საგანმანათლებლო ღონისძიების ორგანიზატორი (ინსტიტუციური აკრედიტაციის არსებობის შემთხვევაშიც) ვალდებულია:

  • ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს;
  • ყოველი ჩატარებული ღონისძიების შემდეგ წარმოადგინოს ღონისძიების მონაწილეთა სია (მონაწილეთა დასწრების აღრიცხვის გათვალისწინებით);
  • ყოველი წლის ბოლოს წარმოადგინოს წლიური ანგარიში ჩატარებული საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ;
  • ღონისძიების შეფასების ფორმა (ღონისძიების მონაწილეთა მიერ შევსებული კითხვარი). შეფასების შედეგების გათვალისწინება მოხდება საგანმანათლებლო საბჭოს მიერ, ორგანიზატორისთვის სამომავლო საგანმანათლებლო ღონისძიების აკრედიტაციის მინიჭებაზე რეკომენდაციის მომზადებისას.
  • მხოლოდ ინსტიტუციური აკრედიტაციის არსებობის შემთხვევაში ორგანიზაცია/საგანმანათლებლო დაწესესბულება ვალდებულია ორგანიზება გაუწიოს, მიმდინარე წლის განმავლობაში საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მინიმუმ 50 ადვოკატისთვის.

საგანმანათლებლო ღონისძიების შეფასების მიზნით, საგანმანათლებლო საბჭო იტოვებს შესაძლებლობას, მოთხოვოს ორგანიზატორს მონიტორინგის განხორციელებისთვის ასოციაციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლის ღონისძიებაზე დასწრების უზრუნველყოფა.

ფასიანი საგანმანათლებლო ღონისძიებები

ფასიანი საგანმანათლებლო ღონისძიებების შემოთავაზების შემთხვევაში, როგორც ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე, ასევე სხვა ორგანიზატორი ვალდებულია გადაიხადოს აღმასრულებელი საბჭოს მიერ დადგენილი აკრედიტაციის საფასური, რაც განისაზღვრება საგანმანათლებლო ღონისძიების მონაწილეთ რაოდენობით:

  • 1–დან 30–მდე მონაწილის შემთხვევაში – 100 ლარი.
  • 31–დან 50–მდე მონაწილის შემთხვევაში – 200 ლარი.
  • 51 და მეტი მონაწილის შემთხვევაში – 300 ლარი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი